„დისქავერ ცენტრი“ და 280-მეტრიანი შუშის ლიფტი

------------------------------------------------------------------------------------------

„ენგურჰესი“ და მიმდებარე ტერიტორია მომდევნო 5 წლის განმავლობაში ტურისტულ ატრაქციად იქცევა. პროექტს ენგურის ტურისტული ცენტრი განახორციელებს.
საპროექტო სამუშაოებისთვის გამოცხადებულ ტენდერში ესტონურმა კომპანია „კოკო არქიტექტორებმა“ გაიმარჯვა. ამჟამად პროექტირება ბოლო ეტაპზეა.

პროქტში უშუალოდ არის ჩართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოც. როგორც სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ბექა ბარამიძემ „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, საპროექტო სამუშაოები ივლისში დასრულდება.

„შემდეგ უკვე ადგილზე ფიზიკური სამუშაოები დაიწყება. ტენდერით შერჩეულ კომპანიას ექნება მაქსიმუმ ხუთწლიანი ვადა, რომ პროექტი სრულად განახორციელოს. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ საინვესტიციო დაინტერესება, როგორი იქნება. ეს საპროექტო სამუშაოების

დასრულების შემდეგ გამოჩნდება. შეიძლება ინვესტიციის ნაწილში სახელმწიფო თანამონაწილე იყოს, შეიძლება – არა. თუ აქტიური საინვესტიციო დაინტერესება იქნება, მაშინ მთლიანად კერძო ინვესტიციების ფონზე წარიმართება ტურისტული ცენტრის მოწყობა. ამ ეტაპზე რამდენიმე მოდელს განვიხილავთ“, – განმარტავს ბარამიძე.

მისივე თქმით, საპროექტო სამუშაოების დასრულების შემდეგ გამოჩნდება, პროექტის სრული საინვესტიციო ოდენობაც, თუმცა, სავარაუდოდ, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის 50 მილიონი დოლარი დაიხარჯება.

რაც შეეხება უშუალოდ კონცეფციას, ბექა ბარამიძის ინფორმაციით, ენგურზე წყლისა და რკინა-ბეტონის ერთგვარი სინთეზით საკმაოდ მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა მოეწყობა, რაც გულისხმობს „დისქავერ ცენტრის“, 280 მეტრიანი შუშის ლიფტის, ატრაქციის, გადასახედი მოედნების, კაფე-ბარების მოწყობას.

კითხვაზე, რამდენად არის უსაფრთხოების განსაკუთრებული წესები და ხარისხი გათვალისწინებული განსახორციელებელ პროექტში, სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი აღნიშნავს, რომ „სატენდერო პირობებში იყო გათვალისწინებული, რომ უსაფრთხოების კრიტერიუმები მაქსიმალურად დაკმაყოფილებულიყო. ამ მხრივ ესტონურმა კომპანიამ ყველა პარამეტრი დააკმაყოფილა. მას 20-წლიანი გამოცდილება გააჩნია მსგავსი პროექტების წარმატებით განხორციელებაში. სწორედ ამიტომ შეირჩა, რომ ჩვენ დარწმუნებული ვართ, მათ მიერ დადებულ მაღალ ხარისხში“.

სააქციო საზოგადოება „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 მარტის განკარგულება #476-ის საფუძველზე 2017 წლის 5 აპრილს დააფუძნა შპს „ენგურის ტურისტული ცენტრი“, რომელიც ახორციელებს ენგურის კაშხლის მიმდებარედ მუზეუმებისა და ვიზიტორთა ცენტრის მოწყობისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვას.

რაც შეეხება ესტონურ კომპანიას, ამჟამად „კოკო არქიტექტორებს“ საქართველოში კიდევ ერთი პროექტი აქვს დაწყებული, რაც თბილისის ანძისთვის ტურისტული კონცეფციის შექმნას
გულისხმობს.

------------------------------

დატოვეთ კომენტარი