მოგონება ტბა ,,ტობავარჩხილზე”, რომელიც არასოდეს დამავიწყდება

------------------------------------------------------------------------------------------

ტობავარჩხილი

ეგრისის ქედზე ზღვის დონიდან 2650 მეტრზე მდებარეობს ტობავარჩხილი- ვერცხლის ტბა – ტბაში წყაროები არ ჩაედინება, არავინ იცის საიდან ივსება ტბა და როგორ ინარჩუნებს ერთ დონეს, წყალი ისეთი ცივია შიგ არც თევზი ბუდობს და არც რამე სულიერი.

ტბა მთებით და გორებით არის გარშემორტყმული არასოდეს იმღვრევა, არ შფოთავს, ზედაპირი მუდამ სარკესავით კრიალაა ალბათ ამიტომ დაარქვეს „ტობავარჩხილი“ არსებობს მითი თითქოს, წყალში ხელიც რომ ჩაყო ( ბანაობაზე ლაპარაკი ზედმეტია) ტბა გაბრაზდება და წვიმას დაუშენსო. ტობავარჩხილის გარშემო ტყე არ ხარობს- მდელოებია, არ არსებობს გზა მხოლოდ საცალფეხო ბილიკებით, ორი დღე ფეხით სიარულის შემდეგ შეიძლება მწვერვალზე მოხვედრა.

ზაფხულობით აქ მწყემსები იკარვებენ და ალპურ მდელოებზე აძოვებენ საქონელს.

ალბათ ამიტომ დარჩა ეს ადგილი ხელუხლებელი თავისი პირველყოფილი სილამაზით, დღეს ტობავარჩხილი ტურისტული ზონაა და უამრავი ტურისტი სტუმრობს წელიწადის სახვადასხვა დროს.

წალენჯიხის გამგეობა ყოველ ზაფხულს აფინანსებს ტობავარჩხილის ხუთდღიან ტურს მსურველთათვის, მთის ძირას პირველ კოტეჯამდე მანქანით შეიძლება მისვლა მერე ფეხით. ბარგისთვის ცხენებს ქირაობენ.

ტურის შესახებ სოციალური ქსელიდან შევიტყვე, მოგზაურობა ძალიან მიყვარს, მაშინვე მივწერე ვისაც კი ვიცნობდი, თანამგზავრებს ვეძებდი, მხოლოდ ნინო გამომეხმაურა, კარავიც მაქვს საწვიმარიც და მოვდივარო, მე მთაში სამოგზაუროდ არც გამოცდილება მქონდა არც აღჭურვილობა, მაგრამ უცებ მოვემზადე  და დილის შვიდ საათზე გამგეობის წინ ვიდექით მე და ნინო. ნინოს ახლახანს სკოლის გამოსაშვები საღამო ჰქონდა, ალბათ მშობლებმა საჩუქარი გაუკეთეს, თორემ მამამისი ედემი  ძალიან ღელავდა ხუთი დღით უცნობებთან ერთად სადღაც ტყე- ღრეში რომ მივდიოდით,  თან მთაში ტელეფონი სიგნალი არ იჭერდა.

აგვისტოს ადრიანი დილა იყო. ზილის ტიპის მანქანასთან კარვების სურსათის ჩანთების და თბილი მოსასხამების გორა იდგა. 27 ადამიანი მოგროვდა, ყველა ასაკის, სქესის და პროფესიის, ერთი,  როგორც თავად თქვა, 84 წლის ჟურნალ აიას ყოფილი რედაქტორი იყო, წაგვაკითხა კიდევაც თავისი ნაშრომები (მაგრამ ცოტა არ იყოს გაგვიჭირდა მეგრულად წაკითხვა). წალენჯიხის მომღერალთა გუნდის ანსამბლ „ბედინერას“ წევრებიც მოდიოდნენ, ფოტოაპარატებით, კამერებით, სურსათით და ღვინის ბოცებით დატვირთული.  ჩვენი ბარგი ბარხანით მანქანის ძარაზე დავლაგდით და დავიძარით, თან გვახლდა მეგზური და ტურის ორგანიზატორი ბატონი თამაზ ლუკავა.

სქურამდე კარგად მივდიოდით. სქურის მინერალური წყალი საქვეყნოდ ცნობილია, საბჭოთა პერიოდში აქ ჩამოსასხმელი ქარხანა იყო, ცხოვრება დუღდა, დღეს აქაურობა გაპარტახებულია. მდინარე ჭანისწყალზე ფონი მოდიდებული დაგვხვდა მანქანა კინაღამ გვერდზე გადაწვა, საბურავები წყალმა დაფარა, გოგოები წივილ- კივილით ვებღაუჭებოდით ერთმანეთს, არ მინდოდა ეს კადრი ხელიდან გამეშვა, ძალიან მეშინოდა მაგრამ ვიდეოს გადაღება მაინც მოვახერხე. მძღოლმა ივარგა და მანქანა მშვიდობიანად ამოახრიგინა მეორე ნაპირზე. ოღროჩოღრო გზებით მთისძირა ფართო ფოთლოვან ტყეში შევედით. მანქანა ჯაყჯაყებდა  და აქეთ იქით გვისროდა. უცებ წვიმამ წამოუშინა. ქურთუკის ქუდები ჩამოვიფხატეთ, მაგრამ ეს არ გვშველოდა. ვიღაცამ ბრეზენტი გაშალა, თავზე გადავიფარეთ, თან ხელით ვაკავებდით ქარს რომ არ წაეღო. ამ ადგილის მერე ტელეფონი უკვე აღარ იჭერდა, ტურის ორგანიზატორმა სპეციალურად წამოღებული ბანერი ჩაარჭო სადაც ეწერა „ დიდი ტობავარჩხილი“.

 მალე მთისძირა კოტეჯამდე მივედით, იქ სამი ცხენი გველოდა თავიანთი პატრონებით.  იმ დღეს ცაშკიბული და ქვაცანცალია უნდა გვენახა, ღამის გასათევად კოტეჯში დაბრუნებასაც მოვასწრებდით, მაგრამ წვიმამ იმატა ტყეში სქელი ნისლი იყო ჩამოწოლილი და მეგზურმა კოტეჯში დაბანაკება გვირჩია., იქ უნგრელი ტურისტების ჯგუფი წასასვლელად ემზადებოდა, მათ წყალგაუმტარი ზურგჩანთები და ჩექმებიანი კომბინიზონები ეცვათ წვიმა მათთვის ხელისშემშლელი ფაქტორი არ იყო. დაგვემშვიდობნენ და ნისლიან ტყეში გაუჩინარდნენ.

  მშვენიერი კოტეჯი, როგორც ქართველებს გვჩვევია, ნაგვით იყო სავსე.

ორსართულიანი ნაგებობა სუფთა, მშრალი ხის იატაკით და მეტალოპლასმასის კარ-ფანჯრებით სრულიად დაცული იყო, პირველ სართულზე მაგიდა და გრძელი სკამები ელაგა, მეორე სართულზე იატაკზე სქელი მატრასის ლეიბები იყო ჩამორიგებული. ხელები დავიკაპიწეთ  და  საქმეს შევუდექით. ნაგავი მოვაშორეთ, შესასვლელთან მაღალი ბალახები ბიჭებმა დანებით მოჭრეს. ჩვენი ნივთები დავაბინავეთ, მერე სურსათი ამოვალაგეთ და საერთო სუფრა გავშალეთ, იმდენი კიტრი და პომიდორი, იმდენი ხაჭაპური, ოჯახური თუ ქარხნული კონსერვი და ხორცეული თავისი აჯიკა საწებლიანად წამოეღოთ, ერთ ქორწილს გადაიხდიდა, სუფრა ქართული, ტრადიციული სადღეგრძელოებით წარიმართა „ ბედინერა“ ფანდურზე უკრავდა და მღეროდა მწყემსურ სიმღერებს.

შუაღამით უღრან ტყეში სრული ჰარმონია სუფევდა, გვიან დავწექით დილის 7 საათზე უნდა გავსულიყავით. 84 წლის ბაბუ დათვრა და ტელევიზორი მოითხოვა ,მერე ხშირხშირად გარეთ გადიოდა ყოველ გასვლაზე გადაგვაბიჯებდა მძინარეებს და გვაღვიძებდა ყველაზე ცუდ დღეში კიბესთან მწოლიარე იყო, უნდა ჩაეცილებინა და ამოეცილებინა, ბიჭები ეხუმრებოდნენ სამამულო ომში თუ იყავი ერთმა ტყვიამ როგორ არ მოგკლაო.

ის იყო ძლივს ჩავიძინეთ, საშინელმა კივილმა წამოგვყარა ფეხზე, ვიღაცამ იხუმრა ტობავარჩხილის ურჩხული ხომ არ მოგვიხტა რომ დაგვჭამოსო, თურმე ერთად დაბმულმა ცხენებმა ერთმანეთი დაკბინეს. პატრონება ცხენები შორიშორს დააბეს და როგორც იქნა ჩავიძინეთ დილის 5 საათი იყო, 7-ზე  ავდექით თბილად ჩავიცვით და გავედით. ნახევარი საჭმელი კოტეჯში დავტოვეთ, რადგან ტურის ორგანიზატორი და 84 წლის ბაბუ კოტეჯში დარჩნენ, ბაბუს კი უნდოდა წასვლა მაგრამ, ალბათ ვერ შეძლებდა ფიზიკურად  და ურჩიეს დარჩენილიყო. ბარგი და საჭმელი ცხენებს აჰკიდეს, ჩვენი ჩანთებიც ცხენებს გადააბეს.

ტყეში ნისლი იდგა, მაღალ ბალახებში და გვიმრანში მივაბიჯებდით, ფეხსაცმელი წყლით გვევსებოდა, დავიღალეთ, ფეხები გვეტკინა, გზა ხან აღმართს მიუყვებოდა ხან დაღმართს, გადავლახეთ  მდინარე მაგანა, რომელიც უზარმაზარი ლოდებით იყო სავსე. ცხენები ფეხებს იმტვრევდნენ პატრონები ძლივს ახერხებდნენ სავალი ბილიკების მოძებნას ჩვენ ლოდებს ვახტებოდით და ვცდილობდი ყველაფერი გადამეღო, მაგრამ ვერც ერთხელ გადავიღე როგორ ეცემოდა ლევანი, ის კი სულ ეცემოდა. ტურის ორგანიზატორის სიძეს დურბინდი მოჰქონდა ლამაზ ადგილებს დავათვალიერებო, მაგრამ ისე იყო დაღლილი დაიტანჯა ზიდვით, რამ წამომაღებინა კარგი მოლაშქრესავითო ბუზღუნებადა.

ჩვენ სიცილით ვკვდებოდით, მაგრამ დაღლილობას ვერაფერს ვუხერხებდით. გიდი გვამხნევებდა (ზაზა ფიფია) კიდევ ერთ მთას გადავივლით და იქ ვართო, ეს იმდენჯერ გვითხრა, რომ ერთმა ენა კვიმატმა სვანმა უთხრა თუ ძმა ხარ კიდევ ერთის გარეშე გვითხარი როდის მივალთო. ტყე დამთავრდა ყვავილებიან გორაკზე მივაბიჯებდით გავიარეთ თეთრი ყვავილებით გადაპენტილი ველი, მერე იისფერ ყვავილებიანი, მერე ყვითელი, წითელი, ვერ ვითმენდი და თაიგულებს ვკრავდი ყვავილებისგან რომელთა სახელებიც არ ვიცოდი. თაიგული ზურგჩანთაში ხუთი დღის მოგზაურობის მერე დაჭკნა მაგრამ ულამაზესი ფოტოები, ვიდეოები და შთაბეჭდილებები დამრჩა.

იკას, ანსამბლის წევრს და ფოტოგრაფს, დათვების დასაფრთხობად თოფი მოჰქონდა  დათვი არსად ჩანდა, სამაგიეროდ მოლაშქრეთა სამ წევრს იმ დღეებში  დაბადების დღე ქონდა და იმათ მისალოცად დააქუხებდა ხოლმე.

ერთ სამოცი წლის კაცს, რომელიც 19 წელი შვილს ელოდებოდა აცნობეს შენი ცოლი ფეხმძიმედააო, ეს ამბავიც თოფის სალუტით აღნიშნეს. ტყეში კიდევ ერთი გასაჩერებელი ადგილი იყო, რომელსაც ჩვენ სავარაუდოდ გვერდი ავუარეთ, მე ის მოგზაურთა კლუბის „შარაშიას“ ფოტოებში ვნახე და ისე მომეწონა არ შემეძლო აქ არ დამებეჭდა, ღია ქოხი  ცხოველებისაგან თავის დასაცავად ხის ტოტებზე იყო აშენებული.

მთას ნელ ნელა შევეჩვიეთ, თავისუფლად ვსუნთქავდით სუფთა ჰაერს, კუნთების ტკივილმაც გაგვიარა,  სამყაროს ვერ ვუკავშირდებოდით, სადღაც კლდის წვერზე უნდა გვეძრომიალა ტელეფონს სიგნალი რომ მიეღო, ერთ- ერთ ასეთ ასვლას შეეწირა ჩემი თეთრი ჰუავეი, სამაგიეროდ ვტკბებოდით ბუნების მშვენიერებით მთის სადა პეიზაჟს, ჭრელი ყვავილები და მიზის  სხივები აცოცხლებდა. მდინარე მაგანა დავიწროვდა, გზადაგზა დიდი თეთრი ლოდებიდან გამომსკდარი ლამაზი დიდ- პატარა ჩანჩქერები გვხვდებოდა.

უცებ ფერდობზე თოვლმა მოგვჭრა თვალი. ზოგან ჩვეულებრივი თოვლი იდო ზოგან უზარმაზარი წლობით ნაგროვები  „ ჯიშთი“ რომელიც არასოდეს არ დნება. აგვისტოს თაკარა მზეში, თოვლში ვგუნდაობდით, ვსრიალებდით ფოტოები და ვიდეოები გადავიღეთ.

მალე მესაქონლეების კარავთან მივედით, ეს იყო უზარმაზარი ლოდი რომელიც კარავს სახურავის მაგივრობას უწევდა და ცუდი ამინდისგან იფარავდა იქ მყოფ რამდენიმე ადამიანს, ათობით ძროხას და თხებს თავიანთი ნამატით. ეს კარავი ტურის ღირსშესანიშნაობა იყო. აქ შუაცეცხლზე მომზადებულ მეგრულ ელარჯს და ჯიშთში ჩაციებულ მაწონს სთავაზობდნენ ტურისტებს და მეგრულ სულუუგნზე მწარმოებლის  ინიციალები იყო  ამოტვიფრული (ე.მ)

კარვები გავშალეთდა დავბინავდით, ნინოს ეშინოდა მიუხედავად იმისა, რომ ნახევარ მეტრში სხვა კარვები იდგა.  ღამით ციოდა, თბილად ჩავიფუთნეთ, ( ჩვენი კარავი არცთუ ისე ხარისხიანი გამოდგა, კარვის ფანჯარას ბრეზენტის ნაჭერი ეფარა მაგრამ არ იკეტებოდა,შეშინებულმა ნინომ სანტავიკით აწებებდა, მე ჩუმად მეცინებოდა, ღამით მაინც მოგლიჯა ქარმა ჩვენი ფანჯარა და ვიღაც ღვთისნიერმა გარედან ჯვარედინად „გადასკოჩა“  …) ისე მკვდარივით ჩამეძინა არც დათვების შემშინებია და არც ტბის ურჩხულის.  დილით გიდმა გვითხრა, რომ „ ტობავარჩხილი“ სულ ახლოს იყო და შეგვეძლო დილის ძილი გაგვებრტყელებინა და ჩვენც არ ვიჩქარეთ ადგომა.აუჩქარებლად მოვემზადეთ და მწვანე გორაკებს შევუყევით, გორებს გადაღმა პიტალო კლდეების მწვერვალები მოჩანდა, რაც უფრო ვუახლოვდებოდით მით უფრო იზრდებოდნენ კლდეები. გადასახედამდე მივედით და ჩვენს გავლილ გზას გადმოვხედეთ, სამყარო რძის ოკეანეში იყო ჩაძირული.

ჩვენს ფეხებთან კი ვერცხლისფერი სარკე ლაპლაპებდა, ფერს იცვლიდა. ღრუბლები, მზის სხივები, ყვავილებიანი ფერდობი სულ სხვადასხვა ფერად ირეკლებოდა ტბაში.

ტბის პირას ჯვარი იდგა, აქ თავის ფეხით ამოსულა ზუგდიდი – ცაიშის ეპარქიის ეპისკოპოსი მეუფე გერასიმე და უკურთხებია ეს ადგილი. ზურგჩანთები დავყარეთ და ტბასთან მივცვივდით. მზე აჭერდა შორტებსა და მაისურებშიც გვცხელოდა, ბიჭებმა მაღალი ლოდიდან ისკუპეს წყალში. თქულება თითქოს ტობავარჩხილში ბანაობისას წვიმა წამოვაო მითი აღმოჩნდა, ოღონდ წყალი საშინლად ცივი იყო. ანსამბლი ბედინერა იდგა ტბის ნაპირას და მღეროდა სევდიან სიმღერას მწყემსზე, რომელიც ჭექა-ქუხილიან ღამეს ბრმა თხას დაეძებდა.

გარშემო ყველაფერი სუფთა და კრიალა იყო; ჰაერი, ტბა, მინდვრები, მთები, მომღერალთა ხმები ეს იყო ღვთის სადიდებელი -ასეთი დიდებული მშვენიერების შექმნის გამო. კოღოების გუნდმა მაგრად  შეგვაწუხა, სამაგიეროდ ტობავარჩხილიდან ჩამოსულებს მწყემსების კარავში ელარჯი და მაწონი გველოდა. ჩვენც შევმატეთ რაღაც რაღაცეები. გულიანი, სიყვარულით და გემრიელობებით სავსე სუფრა გვქონდა.

მწყემსებ გვიყვებოდნენ გელა დაიაურიც ამოსულა აქ. ერთი კვირა დარჩენილა, ერთად უმღერიათ. მას მთელი საქართველო მოვლილი ჰქონდა, თავისი მეუღლის თეონა ქუმსიაშვილის სიმღერები მიჰქონდა ყველასთან, გელას მეუღლე და ორი პატარა შვილი შატილის გზაზე დაიღუპნენ ავტოკატასტროფაში.

უკანა გზაზე არ წვიმდა, ბარგიც ცხენებს მიჰქონდათ, მხოლოდ ფოტოაპარატი მეჭირა და იმანაც ისე დამღალა ფეხებს ვერ ვაბიჯებდი. კოტეჯამდე ძლივს ჩამოვედით.  ბიჭებმა იქ დატოვებული ხორაგით სუფრა გაშალეს, თან დიდი ოვაციებით და ემოციებით უყვებოდნენ მოგზაურობის შთაბეჭდილებებს კოტეჯში დარჩენილებს. გოგოებს არაფრის თავი არ გვქონდა და დასაძინებლად წავდით. მანაქნამ მოგვაკითხა წალენჯიხაში წასაყვანად. მთაში ჭირგამოვლილები ძმადშეფიცულებივით დავემშვიდეობეთ ერთმანეთს.

გაისად ეს ტური კიდევ თუ დაფინანსდა აუცილებლად წავალ,  ძალიან მინდა ცაშკიბულით და მყინვარწვერის გავლით  ოხოჯეს ტბაც ვნახო ტობავარჩხილამდე.

ჩვენი მარშუტის რუკა

ფოტოების ავტორი ირაკლი ქარჩავა

სტატიის ავტორი – ეკატერინე ჭანტურიძე

2017 წელი.

------------------------------

დატოვეთ კომენტარი